გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში კიევში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უკრაინის დედაქალაქში შეხვედრები გამართა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრეი პარუბისთან შეხვედრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა დონბასის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა. ამ კონფლიქტში ადამიანური და ჰუმანიტარული ფასი ძალიან მაღალია და ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს კრიტიკული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან ჰელსინკის პრინციპების უხეში დარღვევა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეუთო-ში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.