გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებთან ონლაინშეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი ორგანიზაციის ლიდერებს ონლაინფორმატში ესაუბრა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის ეუთო-ს წინაშეა.
„აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში არ მოხერხდა თანამშრომლობის გაღრმავება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ამის მაგალითი იყო სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ასევე, საქართველოში მიმდინარე აქტიური ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების შევიწროება. თუმცა აღინიშნა, რომ ბოლო თვის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე არის აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენების დეესკალაციისა და დიალოგის ხელშეწყობის პროცესში. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში შედგა საუბრები ბელარუს პოლიტიკოსებთან და ასევე, ოფიციალურ განცხადებაშიც აისახა საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია ძალისმიერი მეთოდების მიუღებლობის, ბელარუსის ხელისუფლების მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ეუთო-ს პრინციპებთან შესაბამისობის აუცილებლობის შესახებ. ასევე, იგეგმება დელეგაციის ვიზიტი მინსკში, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პანდემიის დაწყებიდან პირველი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში არსებულ სირთულეებსა და დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის, პრიორიტეტულად საქართველოსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგის საკითხზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სენატის, კონგრესის, ბუნდესტაგის, შვედეთის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, კვიპროსის დეპუტატები და ეუთო-ს საერთაშორისო სამდივნოს ხელმძღვანელები.