გიგი წერეთელი - ოპოზიციაში ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში ვითარება უფრო გამძაფრდება
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული დრო და არსებობს ოპოზიციაშიც მზადყოფნა, რათა პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება. ამით უნდა ისარგებლოს ხელისუფლებამ, თუ მას აქვს ვითარების ადეკვატური განცდა, სხვა შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
გიგი წერეთელი საქართველოს მთავრობისადმი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო პროცესს, რომელიც დაიწყო წინა კვირას. ეს არის კონსოლიდირებული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველაზე კრიტიკული გამოსვლა იყო ევროპარლამენტსა და კონგრესში. მინდა, ხაზი გავუსვა სენატიდან გამოგზავნილ წერილს, ეს არის სენატორ ვიკელის წერილი. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი და გარდა ამისა, ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. ეს კომისია არის ამერიკის ხელისუფლებაში მთავარი სტრუქტურა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით. გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, ყველა საკითხი, რომელიც აღნიშნულია წერილში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა მდგომარეობა. ეს ეხება როგორც პროპორციული არჩევნების საკითხს, ასევე ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს ოპონენტებთან დაკავშირებით, პოლიტიკური დევნის მომენტებს, ასევე მედიაზე ზემოქმედებას, სასამართლო რეფორმის საკითხს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, როდესაც გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაშინ შესაძლოა, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა საფრთხის წინაშე დადგეს. ეს შემაშფოთებელი განცხადებაა.
„ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას არ ექნება ასეთი პასუხი. მაგალითისთვის, რომ ასი სენატორია და ერთმა გააკეთა განცხადება, ასეთი მიდგომა გაცილებით დამაზიანებელი იქნება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ არის დრო და ოპოზიციაშიც არსებობს მზადყოფნა, რათა პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება. ამით უნდა ისარგებლოს ხელისუფლებამ, თუ მას აქვს ვითარების ადეკვატური განცდა და ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, გართულდება და სხვა არასასურველი სცენარები არავისთვის არ არის მიზანშეწონილი, უპირველესად, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.