გიგი წერეთელი - ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მედიატორისგან არის შეთავაზებული, არ არის ვერდიქტი ან რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება
შეთანხმების მომხრე ვართ, ოღონდ ეს შეთანხმება უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარეობს.
მან კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
წერეთელის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს.
„დღევანდელი შეხვედრა იქნება ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რაც დღეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ოპოზიციისთვის. არის ახალი გარემოება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ის აპირებს ხელი მოაწერეს დოკუმენტის ერთ-ერთ ვერსიაზე, თუმცა ბუნებრივია, ოპოზიციაში არის განსხვავებული მოსაზრებები. ამაზე უკვე გამოითქვა აზრი, რომ ეს ეხება ძირითადად ორ საკითხს, ყველაზე მთავარ საკითხს გარდა იმ რეფორმებისა, სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმებისა, რომელზეც შეთანხმება უფრო იოლია, ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ეხება ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს. ახლა გვექნება ალბათ მსჯელობა, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები და იქნება ასევე საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება 15 მაისი და რა აქტივობებია, როგორ არის ვითარება ამ კუთხით.
„ევროპული საქართველოს“ მოსაზრებები უკვე იყო ამ საკითხზე. მაშინ, როდესაც არ არის ნათელი, როგორ ხდება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, მეორე არის ახალი არჩევნები. მიგვაჩნია, რომ ამის ბმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან, არ არის ლოგიკური და არ აქვს ამას საფუძველი. ამიტომ, უნდა გაგრძელდეს ამაზე მსჯელობა. ჩვენ განვაცხადეთ ადრეც, რომ შეთანხმების მომხრე ვართ, ოღონდ ეს შეთანხმება უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება მკაფიო და რეალისტურ პოზიციას არ დააფიქსირებს პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებზე.
„ეს ნაბიჯი კარგია მათი მხრიდან. გარკვეული კონსტრუქციულობა გამოამჟღავნეს მთელი ამ რაღაც სიჯიუტის შემდეგ. ბუნებრივია, არსებობს რესურსი იმისთვის, რომ უფრო უკეთეს ვარიანტზე შევთანხმდეთ, რომელიც შეცვლის უკეთესობისკებ სიტუაციას.
ნათელია, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა, ახლა ყველა ელოდება იმას, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. ოპოზიციამ გასცა პასუხი და წარმოადგინა თავისი შეხედულებები ამ კონკრეტულ ვერსიასთან დაკავშირებით. ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს და ეს მუშაობა გაგრძელდეს როგორც პარტნიორებთან, ასევე კარგი იქნება, თუ ხელისუფლებასთანაც იქნება საუბარი“, – განაცხადა წერეთელმა.
წერეთელის თქმით, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მედიატორისგან არის შეთავაზებული ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, არ არის ვერდიქტი ან რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება.
„ეს იყო ვერსია, რომელიც შემოგვთავაზა მედიატორმა, რომ მუშაობა გაგრძელებულიყო საბოლოო შეთანხმებამდე. შარლ მიშელის დოკუმენტში მგონი, საკმაოდ მკაფიოდ იყო საუბარი, რომ ახალი არჩევნების თემაზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა და ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რადგან სხვა შემთხვევაში მედიატორის ფუნქცია კარგავს აზრს, თუ ის არ ეხება იმ საკითხებს, რომელსაც მხარეები აყენებენ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.