გიგი წერეთელი - მაიკ პომპეოს მხარდაჭერა ძალიან დიდი ბერკეტია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უნდა მოუფრთხილდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი დიდი ბერკეტია, რასაც ხელისუფლება უნდა მოუფრთხილდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
„მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. ის იყო როგორც კონგრესის წევრი, ასევე მოკლე ვადით იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი. ასე რომ, მისი ხედვა ბევრ საკითხებში იქნება გადამწყვეტი. ასეთი გუნდის და მისი ლიდერის, ამ შემთხვევაში, პომპეოს სახით, საქართველოს მხარდამჭერად ყოფნა არის ძალიან დიდი ბერკეტი და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამას უნდა მოუფრთხილდეს“, – აღნიშნავს წერეთელი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან პომპეოს გზავნილებს საქართველოსთან დაკავშირებით, დეპუტატის შეფასებით, რუსეთს არასდროს მოწონს მსგავსი მხარდაჭერა.
„რუსეთს არასდროს მოწონს ასეთი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული შეფასებები, განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება განვითარებული, ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნავს გიგი წერეთელი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადება განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაიკ პომპეომ რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების პროცესს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.