გიგი წერეთელი - ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას
ხელისუფლება რაც უნდა ეცადოს საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ 99%-ს, არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება და ამას არჩევნებზე პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხად.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად სჭირდება.
„საქართველოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ვხედავთ, რომ ამ მხრივ აქტივობაა დაწყებული. ნაცვლად იმისა, ხელისუფლებისგან გვესმოდეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავისუფალ გარემოს, რათა არჩევნების შემდეგ ქვეყანა იყოს წინსვლასა და განვითარებაზე, პოლარიზაციის შემცირებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული, რაც არსებობს ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით და დასრულებული მიგრაციითა და დემოგრაფიით, ამის ნაცვლად, გვესმის მხოლოდ ერთი რამ – მუქარა, საზოგადოების დაშინება. საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გაუქმდებიან, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ ასეთი ზომები გაატარონ და გააქრონ პოლიტიკური ოპონენტები და ეს ყველაფერი სამწუხარო სურათს ქმნის“, – აღნიშნა წერეთელმა.
გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლების მიერ არჩეულ გზას ქვეყანა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ მიჰყავს.
„ჩვენს საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, საით მივყავართ იმ გზას, რომელსაც ხელისუფლება ადგას – დიქტატორული და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ, რადგან დიქტატურა სწორედ ერთპარტიული მმართველობაა, რომელიც აქრობს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას, აქრობს განსხვავებულ აზრს და ერთი პოლიტიკური ძალის, გუნდის, პოლიტიკური პარტიის გაბატონებით ცდილობს, შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს. მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში. ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის, ამ მოცემულობითა და ქმედებებით უკვე აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ნებისმიერი თავისუფალი საარჩევნო გარემოსი და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუკი ეს არჩევნები არ დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით.
ერთი რამ არის საზოგადოების მხრიდან ნათლად აღსაქმელი, ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოში, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კოალიციურ და არა – ერთპარტიულ მმართველობას. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ დღეს ევროპაში აღინიშნება ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღე და ამ დღეს ვიგონებთ იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა დროს ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარულ მმართველობას შეეწირა და ეს უნდა იყოს კიდევ ერთი შემახსენებელი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუბრუნდება ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმს და დემოკრატიული არჩევნების, დემოკრატიული განვითარების მომხრე და მხარდამჭერი იქნება. კოალიცია „ერთიანობა“ ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს ამ გამარჯვებამდე, სხვა პარტიებთან ერთად“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.