გიგი წერეთელი - ჯანდაცვის მინისტრი ვალდებულია, შეხვდეს პარლამენტის წევრებს და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და კომიტეტის სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი თხოვნა იყო ოპოზიციის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, რომ მინისტრი პარლამენტში მისულიყო, რაც არ გააკეთა.
გიგი წერეთელი განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სხვა თემაა და მინისტრი ვალდებულია, დეპუტატებს შეხვდეს.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ესწრება შეხვედრას. ჩავთვალეთ, რომ ეს არის კომიტეტის სხდომა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არის შეხვედრა მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარესთან. ეს კარგია, მინისტრი უნდა დადიოდეს კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაგრამ მინისტრი ასევე უნდა დადიოდეს კომიტეტშიც და უნდა ესწრებოდეს სხდომებს. სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, პანდემიის პირობებში არაერთი თხოვნა იყო დამოუკიდებელი დეპუტატების და ჩვენი, რომ მინისტრი მოსულიყო და გვემსჯელა, მაგრამ არ მოვიდა. ასეთი შეხვედრები კომიტეტის თავმჯდომარესთან ვფიქრობ, სხვა თემაა. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ მინისტრს, რომ მას აქვს ვალდებულება, ის მოვიდეს პარლამენტში, შეხვდეს პარლამენტის წევრებს და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და რა გამოწვევებიც არის ჯანდაცვის სექტორში“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონზე იმსჯელეს.