გიგი წერეთელი - იმედია, შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება, ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო არ არის
იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ის კრიტიკული გზავნილები, რაც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აქტიური მოქმედებაც. კარგია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება.
„ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო ნამდვილად არ არის და იმედია ეს ასე არც იქნება. მთავარია, რომ განიმუხტოს ეს პოლიტიკური ვითარება. კომუნიკაცია დაეხმარება ალბათ ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ნიკა მელიას და პოლიტიკურ პატიმრებს და გარდა ამისა, ბუნებრივია იმ მოთხოვნებს, რაც აქვს ოპოზიციას, ახალი არჩევნები და ა.შ. თუ საქართველოს სურს ევროპასთან სიახლოვე არა რუსეთის პროვინციად ჩამოყალიბება, მაშინ მან უნდა მოისმინოს ის გზავნილები, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ და დაიცვას ის ღირებულებები, ის დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც ასე ძვირფასია, ნებისმიერი ევროპული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვისაც“, – განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთლის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის ოპოზიცია მზად არის.
„ოპოზიციაშიც ცხადდება, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური ლიდერები არიან საპატიმროებში. ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ყველანაირად მოისპო სივრცე ორმხრივი მოლაპარაკებისათვის. თუ ევროპელი ლიდერის ვიზიტის შემდეგ ამდენი მოწოდების, ასეთი კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, გამოინახება ლეგალური გზები იმისთვის, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნიკა მელია, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და საქმეები, ეს იქნება მთავარი წინაპირობა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.