გიგი წერეთელი - გარდამტეხი ცვლილებების გეგმით ჩვენ მოვუტანთ ახალ შესაძლებლობებს როგორც ტყიბულს, ისე მთელ საქართველოს
გიგი წერეთელი - გარდამტეხი ცვლილებების გეგმით ჩვენ მოვუტანთ ახალ შესაძლებლობებს როგორც ტყიბულს, ისე მთელ საქართველოს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ტყიბულის მოსახლეობას წარუდგინა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ტყიბულშია, აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები.

„ტყიბული არის არასწორი მართვისა და სოციალური უსამართლობის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც რაიონი, სადაც არსებობს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრე, ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ტყიბულელებს აწუხებთ ის ყველაფერი, რაც აწუხებს დღეს მთლიანად საქართველოს – უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ფასები. ეს არის ქვეყნის არასწორი მართვის მაგალითი და ჩვენი შანსი, შევცვალოთ ქვეყნის არასწორი მართვა, რათა ხალხმა იცხოვროს უკეთ, რაიონებს დარჩეთ მეტი კეთილდღეობა იქიდან, რასაც გამოიმუშავებენ და ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური. ჩვენი შანსი არის 31 ოქტომბერი, რათა დამთავრდეს ეს მძიმე გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები. ამის განწყობა არის როგორც ტყიბულში, ისე მთელ საქართველოში. მთავარია, ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ 31 ოქტომბერი არის მათი შანსი, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, შეცვალონ საკუთარი რაიონი და შეცვალონ საკუთარი ქვეყანა უკეთესობისკენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი წერეთლის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა არის კონკრეტული და ყველა იმ პრობლემას ეხება, რაც აწუხებთ ადგილობრივებს. გიგი წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ გეგმა აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ტყიბულს, ისე მთელ საქართველოს.

„შევხვდით ტყიბულის მოსახლეობას. ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებსა და პროგრამაზე, როგორ ვაპირებთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანას იმ ვითარებაში, რაც დღეს არის. გადასახადების შემცირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგებით და მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებით აუცილებლად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს. ამ ქალაქში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ყველანაირი, შრომითი, ტურისტულიც და კულტურულიც, ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამას სჭირდება მხარდამჭერი და მოამაგე. მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ, ჩემს მიმართ. ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია. მე აუცილებლად ვეცდები, რომ მათი იმედები გამართლდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.