გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში კიევში შეხვედრებს გამართავს
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში კიევში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ეწვია.

კიევში, ორდღიანი  ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, უკრაინის რადას სპიკერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატიურ კორპუსსა და ეუთო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები უკრაინისა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელებენ.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გიგი წერეთელთან ერთად, ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა და სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანდრეას ნოტილე შედიან, შეხვედრას უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავენ.