გიგი უგულავა - როგორც მივხვდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, ჩემი თავი გადარჩა
როგორც მივხდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, მგონი, ჩემი თავი გადარჩა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ამასთან, როგორც უგულავამ განაცხადა, ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება „ყურით მოთრეული არგუმენტებით“, არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ.
„ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი. მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებს პარლამენტში, სადაც აპირებდნენ ჩიხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვ, შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. მან გვამცნო, კი ბატონო, გაგვათავისუფლებენ. კარგია, რომ თავისივე გადასწორებული, გადასეკვესტრებული კონსტიტუცია წაიკითხა და მიხვდა, როდესაც ადამიანი ამბობს, მე ბოიკოტს ვუცხადებ და ვუტოვებ პარლამენტს შენს უმრავლესობას, არანაირი უფლება არ გაქვს, დატოვო ეს ადამიანი პარლამენტში მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ სადმე დატოვება არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის ეწინააღმდეგება ყველა ჯანსაღ აზრს. ასევე, გავიგეთ სრული ბოდვა, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმებას აპირებს „ქართული ოცნება“. მოგესალმებით მთლიანად უკვე გაფორმებულ დიქტატურაში, რადგან ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება ყურით მოთრეული არგუმენტებით არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ. იყო ძალიან იაფფასიანი მუქარები, რომ შეგიწყვეტთ დაფინანსებას. ამაზე კალაძის სიტყვები შეგვიძლია გავიხსენოთ, აი, ეგერ რომ მოჩანს ანძიდან… შეგვიძლია, კობახიძეს ეგ ვუთხრათ. შეწყვეტ და კიდევ ერთხელ კანონს დაარღვევ, მაგრამ არავინ არ გამოგეკიდება. კი ბატონო, შეწყვიტე, ჩვენ ამით ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით უგულავა აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ახლა თავად ქმნის კომისიას.
„რაც შეეხება კომისიას, სადაც „ქართული ოცნების“ სახეები იქნებიან წარმოდგენილი, თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თავადვე შეისწავლონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ლოგიკა – „სამ ტანცუიუტ, სამ პაიუტ“. ამ კომისიიდან არაფერი გამოვა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკი „გაპრავების“ მცდელობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.