გიგი უგულავა - აუცილებელია ჩემი, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას გვერდზე გაწევა, სხვა შემთხვევაში პარტიის განახლების შანსს ვერ ვხედავ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის განახლება საჭიროა, რისთვისაც აუცილებელი პირობაა, რომ მან, დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ მმართველი პოზიციები დატოვონ.
როგორც უგულავამ აღნიშნა, სამი ლიდერიდან ერთის დარჩენა პარტიისთვის ცუდ შედეგს მოიტანს. მისივე თქმით, ამ საკითხზე გიგა ბოკერიას განსხვავებული პოზიცია აქვს.
„ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება განახლება, რისთვისაც სულ ცოტა, აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ ფუნდამენტურ აუცილებელ წინაპირობად, რათა პარტია განახლდეს, ახალი შენაკადები შეიძინოს, პარტია შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობაში. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. ჩემი ბრძოლა არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩემი ბრძოლა არის ამ მარაზმის, საზიზღარი, ძირდამპალი და ქვეყნისთვის მავნებელი რეჟიმის დასრულება რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და რა თქმა უნდა, საარჩევნო გზით.
თუ არ მოხდება სრული განახლება, მინიმალური წინაპირობა გითხარით, რომ სამი ადამიანი უნდა გაიწიოს გვერდით, მაშინ ვერ ვხედავ განახლების შანსს. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან განსხვავებული პოზიციებია სწორედ აქ.
სამივეს გაწევა მმართველობიდან ნიშნავს სამივეს გაწევას, ყველა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი ვერ იქნება. სამიდან ერთს განსხვავებული გადაწყვეტილება თუ ექნება, პარტიისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან პარტიას განახლება სჭირდება და არა გადანაცვლება-გადმონაცვლება. გიგა ბოკერიაზე ვსაუბრობ, მას განსხვავებული აზრი აქვს“, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.