გიგი უგულავამ პროკურორს მიმართა - ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
შეკამათება მოხდა საქმის პროკურორსა და დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას შორის, რომელიც სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრება.
პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა, რომ სასამართლოში ქცევის წესები დაიცვას და ნუ აყენებს შეურაცხყოფას სასამართლოს.
„მოქცევა არ იცით სასამართლოში, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
ამასთან, უგულავამ პროკურორს ქცევა დაუწუნა: „ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე. მოსამართლეებს მე არ გიცნობთ, წესით უნდა ვიცნობდე ვინც მასამართლებდნენ“.
საქმის მოსამართლემ სასამართლო სხდომის გაშუქების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „გადაწყვეტილება ვთქვით და ასე იქნება“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სწრაფად გადაიცემა და გაუგებარია, რატომ არის მოსამართლე სხდომის გამჭვირვალედ გაშუქების წინააღმდეგი.
„საჯაროობა უზრუნველყოფილი არ არის, რაც თქვენი მოვალეობაა“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, სხდომაზე კამათი მოხდა მიხეილ სააკაშვილის არყოფნის საკითხთან დაკავშირებით.
პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების მოთავსების ადგილზე.
„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს რომ მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით სასამართლო პროცესი ჩატარდეს დაკავების მოთავსების ადგილზე. მზაობას გამოვთქვამთ, მივიღოთ მონაწილეობა. სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას და შესაძლებლობას ალტერნატივის სახით, დისტანციური ჩართვისას, რათა ამ ფორმით ჰქონდეს ბრალდებულს შესაძლებლობა, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა პროკურორმა.
„ამ ფარსს როგორ უსმენთ“, – მიმართა გიგი უგულავამ სხდომის მონაწილეებს.
ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასე ვერ გაგრძელდება სასამართლო სხდომა.
„ასე ხო არ გავაგრძელოთ. ეს პოლიტიკური მიტინგები არ არის, გაგაძევებთ, თუ ასე გააგრძელებთ“, – მიმართა მოსამართლემ გიგი უგულავას.
სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.