გიგი უგულავა - ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაკავშირებულია მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან
გიგი უგულავა - ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაკავშირებულია მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაკავშირებულია მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მისთვის აბსოლუტურად გაუგონარია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილმა ოფისი ისე დატოვოს, რომ სააკაშვილი არ გაათავისუფლოს. უგულავას თქმით, „ის არგუმენტი, რომ არ გამოუშვებენ, აბსოლუტურად არ ამართლებს მის მოქმედებას“.

„ალბათ თვე-ნახევარში სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ოფისს. მიუხედავად ბევრი განსხვავებებისა, მთავარ რამეში სალომე ზურაბიშვილთან თანხვედრა არსებობდა, ეს არის უპირობო მხარდაჭერა ევროპული გზის. მაგრამ ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილი თუ ოფისს ტოვებს ისე, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მან არ შეასრულა, ანუ ის ისტორიული მისია, რომელსაც ის ძალიან ხშირად იმეორებს, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, ამბობდე – ესენი არიან რუსები, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ აბსოლუტურად გაუგონარია, რუსებს დაუტოვო სააკაშვილი ციხეში. ეს არის უბრალოდ არათუ ისტორიული უსამართლობა, ეს აუხსნელია. გაუგონარია, რუსები თუ არიან, რუსებს უტოვებ ციხეში? ის არგუმენტი, რომ არ გამოუშვებენ, აბსოლუტურად არ ამართლებს მის მოქმედებას. მე მაინც იმედს ვიტოვებ. იმის თქმა, რომ მაინც არ გამოუშვებენ, ეს არის უბრალოდ უსინდისო მოტყუება. ესენი არიან რუსები და შენ მიდიხარ პრეზიდენტობიდან ისე, რომ რუსებს უტოვებ რუსეთთან მებრძოლ პრეზიდენტს? სულ რომ უბედურება იყოს, არ მოგწონდეს, გეზიზღებოდეს, მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? პრაგმატულ სიბრტყეზე თუ ვლაპარაკობთ, არცერთი ძალისხმევა არ არის ასე მისატოვებელი. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაკავშირებულია მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან, ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ამიტომ, მე პირიქით ვთვლი, რომ უნდა ქნას და ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს. ის ხომ მის მომხრეების ენერგიაზე მოყვანას, დაგაზვას გამოიწვევს. მე იმას კი არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაც გამოვა, ჯოხს დაარტყამს და ყველაფერი შეიცვლება – არა, ჩვენ ყველას მოგვიწევს უბედური შრომა, მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი რაღაც. იმის მაგივრად, რომ შეეცადო და სამი პრეზიდენტის ფორმატი გააკეთო, რომელიც გაცილებით უფრო მძლავრი ხმა იქნებოდა, გინდა – ქვეყნის გარეთ და გინდა – ქვეყნის შიგნით, ჯერ შენ მანახე, რომ შენ შეგიძლია გვერდზე გადადო განსხვავება. მე რომ მეუბნები, ამ პარტიებს რომ ეუბნები – და სწორად ეუბნები – რომ გვერდზე გადადეთ ახლა განსხვავება, ამის მაგალითი ზურაბიშვილმა უნდა მისცეს. არ არის არგუმენტი, რომ მას არ გამოუშვებენ. რა მნიშვნელობა აქვს მაგას ამ შენი კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, მორალის, კანონის, ჯანსაღი აზრის წინაშე და ამ ქვეყნის მომავლის წინაშე? რუსებს როგორ უტოვებ ციხეში, შენ შენი გასაკეთებელი არ უნდა გააკეთო? როცა ვლაპარაკობთ, რა არის ამოცანები, მომდევნო ერთი თვის ამოცანა, ჩემი აზრით, გამოიყურება ასე: ახლა მოდის ერთთვიანი ეპოპეა მოპარული არჩევნების სიმულაციური მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის დამტკიცების, აქ უნდა იყოს წინააღმდეგობა; მეორე – ამ აქტის არგაკეთებას პოლიტიკური იმპლიკაციები ექნება. შეუძლებელი იქნება, ის ამომრჩეველი, ვისთვისაც ეს საკითხი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ვერ შეძლებს თანამშრომლობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.