გიგი უგულავა - ყელზე ადგათ ლუგარის ლაბორატორია, რადგან ჩვენი და ამერიკის პარტნიორობის სიმბოლოა
საუბარი იმაზე, რომ „ნოვიჩოკი“ ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა იმ ზღაპრების გაგრძელებაა, თითქოს იქ რაღაც ბაქტერია იქმნება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიამ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, უნიკალური როლი შეასრულა.
„რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, რუსეთი კლავს. რუსეთი კლავს საკუთარ მოქალაქეებს, პუტინი კლავს საკუთარ ოპონენტებს. ნავალნის მოწამვლა არ არის პირველი შემთხვევა და საუბარი იმაზე, რომ „ნოვიჩოკი“ ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. ეს იმ ზღაპრების გაგრძელებაა, თითქოს იქ რაღაც ბაქტერია იქმნება. გვახსოვს, როდესაც კორონავირუსის პიკი იყო, რუსი პროპაგანდისტები, კრემლთან დაახლოებულები, საუბრობდნენ, რომ ეს ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. ყელზე ადგათ ეს ლუგარის ლაბორატორია, რადგან ეს ლაბორატორია ჩვენი და ამერიკის პარტნიორობის სიმბოლოა. ნებისმიერი ისრების გადატანა კიდევ ერთხელ მეტყველებს პუტინის ხელწერაზე. პუტინი არის სახიფათო და ის ადამიანები, რომლებიც დარბიან კრემლში და რომლებიც რვა მილიონს ითხოვენ კრემლიდან, უნდა დაფიქრდნენ. ჩვენი მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, როდესაც ასეთ მოძალადეზე, ასეთ სისტემასთან რაღაც მოფერების და ბაბაიას ტონალობაში ლაპარაკობენ. ეს, პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას ეხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.