გიგი უგულავა - წინასაარჩევნო კამპანიაში არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ ჩავრთულვარ, მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო
შიდა არჩევნები, სამწუხაროდ, ყოველთვის იწვევს ჭრილობებს, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფე, საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული უნდა გვაიძულებდეს, რომ ეს ჭრილობა, რაც შეიძლება მალე შეხორცდეს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კარგად მესმის ადამიანების იმედგაცრუება, თითქოს ენერგია გვაქვს დაკარგული, თითქოს იმედი გვაქვს დაკარგული, თითქოს გათითოკაცებულია ყველა, ამას დაემატა ჭრილობები, რომლებიც, ბუნებრივია, ამ არჩევნებმა გამოიწვია“, – განაცხადა უგულავამ.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მიესალმება ნიკა მელიას განცხადებას პარტიაში დარჩენის შესახებ. ამასთან, მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, მელია დღევანდელ ყრილობას დასწრებოდა.
„ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში დამარცხებულ მხარეს წარმოადგენენ. მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომ ის მიესალმა და გამარჯვება მიულოცა ლევან ხაბეიშვილს. მივესალმები ასევე იმ გადაწყვეტილებას, რომ მან პარტიაში დარჩენის შესახებ განაცხადა. დანარჩენის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. სასურველი იქნებოდა, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერებიც ყოფილიყვნენ დღეს. სამწუხაროდ, არ იყვნენ, მაგრამ უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი განცხადებით, რომ ისინი რჩებიან ამ პარტიის წევრებად და დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს.
თქვენ იცით, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ ჩავრთულვარ. სწორედ იმიტომ, რომ მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია იქნება თუ პირადი ძალისხმევა, მოვახმარო სწორედ, აი, ამ ჭრილობების შეხორცებას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ დღეს ცალკე გრავიტაციის ცენტრს ვერავინ ვერ შექმნის და სჯობს, რომ ვიმუშაოთ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.