გიგი უგულავა - ვვარაუდობ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება და პირველი მერცხალი პოლიტპატიმრების განთავისუფლება უნდა იყოს
გიგი უგულავა - ვვარაუდობ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება და პირველი მერცხალი პოლიტპატიმრების განთავისუფლება უნდა იყოს

მშვიდობიანი პიკეტი არის უწყვეტი პროტესტის ნაწილი. ბუნებრივია, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სხვა სიმაღლიდან დაიწყო. როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზად არის.

ამასთან, უგულავა ვარაუდობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება.

„ჩვენ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ ყველაფერზე წამოვა. ეს ხელისუფლება არის ბრმა და ყრუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც და მათ სჭირდებათ იძულება. გუშინ ვნახეთ პრაქტიკულად, საერთაშორისო იძულებითი ოპერაცია, რომ ხელისუფლება მოეყვანა და დაესვა მოლაპარაკების მაგიდასთან. ენა ძალიან მაცდური რამეა და ასევე გაყიდა ბატონი პრემიერ-მონისტრი, რომელმაც თქვა დავესწრებიო, მონაწილეობას მივიღებ კი არა, დავესწრებიო, ეს არსებითად სხვადასხვა რამეა. ფაქტია, რომ აბსოლუტურად სხვა სიმაღლიდან დაიწყო მოლაპარაკებები, თამასა ძალიან აწეულია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, პირადად არის ახლა უკვე მედიაციის და არა ფასილიტაციის მონაწილე.

დღის წესრიგი შედგენილია, ამ დღის წესრიგში შედის რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი. რაც მთავარია, გუშინდელ დღემდე ხელისუფლება არ აღიარებდა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ გუშინდელი დღე დამთავრდა იმით, რომ ყველამ დაარქვა სახელი იმას, რაც ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური კრიზისი არის, მას სჭირდება მოგვარება. სირაქლემას პოზაში დგომა და არ შემჩნევა ამას ვერ და არ უშველის. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს ინტენსიური მოლაპარაკებები და პირველი მერცხალი იყოს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ასევე, ბუნებრივია, არჩევნების თარიღზე შეთანხმება.

ვადებს ჩვენ საკუთარ თავს არ ვუწესებთ, ვადები დაწესებულია ხელისუფლებისთვის. ასოცირების სხდომა იქნება ბრიუსელში, სადაც ელოდებიან ღარიბაშვილს და შესაბამისად, ელოდებიან მოგვარებული კრიზისით. შესაბამისად, ახლა ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე, ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით, აქციები ძალაში არის, 13 მარტის აქციაც ძალაშია. ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, დღის წესრიგი ცნობილია, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე – სურს პოლიტიკური კრიზისის მოგვარება, თუ მუდმივ, ქრონიკულ კრიზისში ქვეყნის ყოფნა, რაც საბოლოო ჯამში არის ქვეყნისთვის ცუდი. მათთვისაც ცუდია, რადგან პასუხისმგებელი ყველაფერზე ხელისუფლებაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.