გიგი უგულავა - ვინც პროპორციული სისტემაზე უარს იტყვის, ის ადამიანი მართლაც საეჭვო იქნება
პროპორციული სისტემა არის საპროტესტო მუხტის შედეგი და არა წყალობა ივანიშვილის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, „ევროპული საქართველოს“ მკაფიო პოზიციაა, რომ პარტია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
„მკაფიოდ მინდა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია გამოვხატო. პროპორციული სისტემა არის ამ საპროტესტო მუხტის შედეგი და არა წყალობა ივანიშვილის. ამ ადამიანებმა ოფლით, შრომით მათ შორის საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვეს და გამოსტყუეს და არ მისცეს ივანიშვილს საშუალება ოთხი წელი კიდევ მოეპარა ხალხისთვის. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს დავუჭერთ და ხმას მივცემთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა საკონსტიტუციო ინიციატივას – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციასაც გამოეხმაურა, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველ ივლისს გეგმავს. უგულავა ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას პარტიულს უწოდებს.
„რაც შეეხება ხვალინდელ ღონისძიებას, ეს არის პარტიული ღონისძიება, „ქართული ოცნების“, რომ თურმე არც ისე ცუდები ვართ და სინამდვილეში კარგები ვართ. ასეთ ფორმატში ჩვენ არანაირი ადგილი არ გვაქვს. ისევ ვიმეორებ, ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, რომ გააფერმკრთალოს ის მიღწევა, რაც ამ ხალხმა სისხლით და ბრძოლით მოიპოვა და მეორეს მხრივ, არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას და უფლებას, რომ იკეკლუცოს და მერე მოიტყუოს და მერე სხვას დააბრალოს. საკონსტიტუციო ცვლილებებს „ევროპული საქართველო“ უკლებლივ მთლიანად დაუჭერს მხარს.
ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, კონსტიტუციის ცვლილება გულისხმობს თავის კონკრეტულ პროცედურებს. ეს პროცედურები პირველ რიგში გულისხმობს თავის თავში საყოველთაო განხილვას. საყოველთაო განხილვა არის, როდესაც შენ პოლიტიკოსი ელაპარაკები ადამიანებს. ამაზე ბუნებრივია ჩვენ უარს არ და ვერ ვიტყვით. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ, სად რა ვირეშმაკობებს გეგმავს „ქართული ოცნება“, მაგრამ ამავე დროს უნდა ავუხსნათ ის, რომ ეს ცვლილება არის თქვენი ხალხის მონაპოვარი და მასზე უარი არცერთ შემთხვევაში არავინ არ უნდა თქვას. ვინც მაგაზე იტყვის უარს რაღაც სხვა რამეების გამო, აი ის ადამიანი მართლაც საეჭვო იქნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.