გიგი უგულავა - ვიაქტიუროთ, არ გავუშვათ ხელიდან ისტორიული მომენტი, რადგან შემდეგ ყველას შეგვრცხვება
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
უგულავას განცხადებით, ხელისუფლება ძალადობაზეა გადასული, რისი პრევენციაც მოქალაქეების მხრიდან მეტი აქტიურობაა.
„მეგობრებო, მინდა, მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. ახლა, ყველა საქმე უნდა გადავდოთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული, გარდამტეხი მომენტია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება გადასულია პირდაპირ ძალადობაზე. ამ ძალადობის შეჩერების ერთადერთი პრევენციაა მოქალაქეების კიდევ მეტი აქტიურობა, რადგან როდესაც ბევრი ადამიანია, ვერც ერთი ეს გაუგებარი, „ძირჟიმორდა“ ხალხი, რომელიც ხელისუფლებამ გამოყარა და ქუჩებში მშვიდობიან ოპოზიციას არბევს, ვერაფერს გაბედავს. მინახავს ასეთი ძალიან ბევრი კუნთმაგარი, რომელიც ხალხის წინაშე ძრძწის და თრთის. ამიტომ, გადადეთ ყველა საქმე, მეგობრებო, ვერაფერი იქნება ამაზე დიდი.გარდამტეხი, ისტორიული მომენტია. თუ გვინდა, რომ ჩვენ ვმართოთ კოვიდი და არ იყოს ის ჩაფლავებული სიტუაცია, რაც ჩვენ დღეს პანდემიასთან ბრძოლაში გვაქვს, თუ გვინდა გაუმჯობესებული კრიმინოგენული სიტუაცია და არა ეს კრიმინალი, რომელიც დღეს, დღის წესრიგს გვისაზღვრავს და ჩვენს არჩევანს გვპარავს, თუ გვინდა, რომ იყოს სამუშაო ადგილები და არა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მილიარდერის მმართველობამ მოგვიტანა, ვითარება უნდა შევცვალოთ. ნუ შეგვეშინდება ცვლილებების. ცვლილება არის წინაპირობა იმედის, მომავლის რწმენის, რადგან თუ არ იქნება ცვლილება, ჩვენ ყველა ერთად აღმოვჩნდებით ცუდ ვითარებაში და მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ, ვისი მომხრეა, ყველა ერთ ჭაობში აღმოვჩნდებით. ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ, ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება. ამიტომ, ვიაქტიუროთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მან განსაკუთრებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს და ზუგდიდელებს.
„გამოდით, არ დაიზაროთ, ყველა საქმე გადადეთ. მინდა, განსაკუთრებით ზუგდიდელებს მივმართო, დარჩენილია ორი საათი და გაქვთ შესაძლებლობა, დაიბრუნოთ ის, რაც ივანიშვილმა წაგართვათ, ის არაშენებელი პორტი და გაჩერებული მშენებლობა, ქალაქს დავუბრუნოთ თვითმმართველის სტატუსი. ეს ისტორიული მომენტი ხელიდან არ გავუშვათ. მერე ნამდვილად ყველას შეგვრცხვება, ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვება შეიძლება, საშვილიშვილო იყოს, 2030 წლამდე შეიძლება, ეს შავი ჭირი შეგვრჩეს. ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და არ დავიზაროთ, შევცვალოთ ეს მთავრობა. დავამთავროთ ეს სამთავრობო ბატონობა და გადავიდეს ქვეყანა ისეთ მმართველობაზე, სადაც მთავრობა მსახურია – მოდის, გემსახურება და მიდის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.