გიგი უგულავა - ვასიკო მაღლაფერიძე დადის და ამბობს, პირველი არხიდან გადაგიყვანთ „რუსთავი 2“-ში
პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველას ვიცნობთ. ძალიან კარგად ვიცით, ბოლო ერთი თვეა და განსაკუთრებით ორი კვირაა, ვასიკო მაღლაფერიძე დადის და ამბობს, კონტრაქტს არ გაგიფორმებთ, პირველი არხიდან გადაგიყვანთ „რუსთავი 2“-ში. ვინც მოძულებული და მობეზრებული ჰყავთ, ყველას გადმოყვანა უნდათ აქ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა გიგი უგულავას დამატებით ჰკითხა, რაზე დაყრდნობით გააკეთა მან მსგავსი განცხადება. როგორც უგულავამ აღნიშნა, ის ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ აპირებს: „თქვენ იცით, რომ წყაროს გამხელა არ არის აუცილებელი და წყარო არის კანონით დაცული. მე ვიმეორებ, რომ ვასილ მაღლაფერიძე ჩართულია იმ პროცესში – ნაწილი, ვინც არ მოსწონს, ან ვინც უფრო სანდოდ მიაჩნია, დესანტირებული იყოს „რუსთავი 2“-ში.
ჟურნალისტის კითხვაზე, კერძოდ, ვისთან აქვს მოლაპარაკება ამ საკითხზე ვასილ მაღლაფერიძეს, უგულავამ უპასუხა: „ბევრ თქვენს თანამშრომელთან, არ დაგისახელებთ. თქვენ, როგორც ჩანს, ალბათ ჟურნალისტი არ ხართ. წყარო არის დაცული, ვწუხვარ, თუ ეს ჟურნალისტისთვის ახსნას საჭიროებს. ეს ვიცი 100 პროცენტით და ორ კვირაში თავად ნახავთ. „რუსთავი 2“-ში იმუშავებენ, მათ შორის, პირველი არხიდან დესანტირებული ადამიანები“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მოვლენები ასე არ განვითარდა, მოიხდის თუ არა იგი ბოდიშს, უგულავამ განაცხადა: „ბოდიშს არ მოვიხდი, ბოდიში უნდა მოიხადოს ვასიკო მაღლაფერიძემ, რომელიც ერევა სხვის საქმეებში“.