გიგი უგულავა - ვაპირებ, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას
მე ვაპირებ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, არის გამოძიების გაყალბების მცდელობა და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, მისი დაკითხვა სწორედ მაგისტრატ მოსამართლესთან მოხდეს.
„განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ ხელისუფლებიდან ვისმენთ, დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო, რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით და მათ ბრძანება არ ჰქონიათ, სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება. ამ ფონზე, მე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ მივიჩნევ, რომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა, რათა საზოგადოებამ, ახლა თუ არა, მერე მაინც გაიგოს სიმართლე.
მე ვაპირებ, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, რომელიც მათ მიერ იყო ინიცირებული, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინეს.
ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ პასუხისმგებლობის არაღებას, გადაბრალებას, ახლა უკვე რიგით სპეცრაზმელებზე, რომელიც ამორალურიც არის და სამართლებრივადაც არასწორია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ადვოკატს საგამოძიებო ორგანოებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ის ქვეყანას ტოვებს.
„მე მათ ვუთხარი, რომ ორი-სამი დღის განმავლობაში მივლინებით მივდივარ გერმანიაში, ჩემს კოლეგებთან ერთად, ინტერრელიგიური დიალოგის კონფერენციაა და თანხმობა რამდენიმე თვის წინ მაქვს ნათქვამი. შესაბამისად, არწასვლა უხერხულია. ამიტომ ჩემი დაკითხვა მოხდება ორშაბათიდან ნებისმიერ დროს, რადგან დღეს სამართლებრივად არ ესწრება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.