გიგი უგულავა - სრული მარაზმი ჰქვია იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს
გიგი უგულავა - სრული მარაზმი ჰქვია იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს

სრული მარაზმი ჰქვია იმას, რომ ხელისუფლება კონტრაქციას უწყობს ოპოზიციას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და უგულავას თქმით, სწორედ ასეთია „ქართული ოცნება“.

„სრული მარაზმი ჰქვია იმას, რომ ხელისუფლება კონტრაქციას უწყობს ოპოზიციას. ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით. აი, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. „ქართული ოცნება“ მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავისი, ჩემთვის კომიკური განცხადებებით, ახალისებს იმ ადამიანებს და იმ ადამიანების დაუსჯელობას იმით, რომ დარბიან ცოცხებით. აქაც ჩამოიყვანეს, ბატონმა იზორიამ, დეპუტატმა, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა-მოკრივეები, არა მგონია, რომ კრივში სავარჯიშოდ. საარჩევნოდ ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ზუგდიდშიც ხდება, ეს არის გახრწნის ნიშანი, ეს აქციაც გადაჯერებული იქნება სსიპების, აიპების თანამშრომლებით, სახელმწიფო მოხელეებით. მოკლედ, მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს სწორედ „ქართული ოცნება“. ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ის ბრაზი, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, მშვიდად უნდა გამოვხატოთ 30 ოქტომბერს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.