გიგი უგულავა - სოფელ სადახლოში, 29-ე უბანზე მოქალაქე საარჩევნო ბიულეტენით შევიდა
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სოფელ სადახლოში, 29-ე საარჩევნო უბანზე კარუსელი დაფიქსირდა.
მისი თქმით, საარჩევნო უბანზე მოქალაქე ბიულეტენით შევიდა და მეორე ბიულეტენიც აიღო. მას შემდეგ კი, რაც ფაქტი დაინახეს, ბიულეტენი დახია.
„ეს არის დადასტურებული კარუსელი, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე, სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, შემდეგ აიღო მეორე ბიულეტენი და ორი ბიულეტენის ჩაგდებას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და დაეტრიალებინათ, თუმცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა და აღკვეთა. შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა და ეს ბიულეტენი დახია. დახეული ბიულეტენი იქვე ყრია“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, დარღვევის მეორე ფაქტი საბერძნეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილ 37-ე უბანზე დაფიქსირდა.
„ეს უბანი სალონიკში მდებარეობს. კომისიის თავმჯდომარემ ჯეკპოტი მოხსნა და სადემონსტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა. შემდეგ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძე კენჭს აღარ იყრის. გაპროტესტების შემდეგ კი, მოხსნა სადემონსტრაციო ოქმი და ნაგვის ყუთში გადაისროლა“, – განაცხადა უგულავამ.