გიგი უგულავა - შეუძლიათ, უკვე ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, ორი ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და ალეკო ელისაშვილი
„ევროპულმა საქართველომ“ დავასრულეთ საუბარი ალეკო ელისაშვილსა და მის მიმართულებაზე საუბარი. ის პარლამენტში პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შევიდა. ეს მისი არჩევანია და საზოგადოებამ განსაჯოს, წარმოადგენს თუ არა ის დღეს ოპოზიციას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავა პარტია „მოქალაქეების“ წევრების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარესთან მათ შეხვედრას.
მისი თქმით, „სამწუხაროდ, ვიღაცები სულსწრაფები აღმოჩნდნენ, თუმცა მათი არჩევანია და კარგი იქნება, თუ დროზე ჩამოყალიბდებიან და შევლენ პარლამენტში“.
„ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია იმ გამოგონილი იდეებისა და ბრალდებების მოგერიება, რომელიც სამწუხაროდ ფსევდო ოპოზიციური ჯგუფებიდან მოდიოდა, მაგრამ ამ პროცესის კრისტალიზაციაც მოხდა და ეს პროცესი დასრულდა. კარგი იქნებოდა, უფრო მალე დასრულებულიყო. კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ ასეთ ქმედებებს არ ჰქონოდა ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვიღაცები სულსწრაფები აღმოჩნდნენ. ეს მათი არჩევანია და კარგი იქნება თუ დროზე ჩამოყალიბდებიან და შევლენ პარლამენტში. შევლენ თუ არა, ამით ბოიკოტი არ შეიცვლება, პარლამენტის ბოიკოტი გრძელდება“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ჩამოყალიბებულია, რომ ეს არის ერთპარტიული მიტაცებული პარლამენტი.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი თალაკვაძის აბსოლუტურად უტიფარ განცხადებას, რომელმაც თქვა, ჩამოყალიბდითო. 51-მა დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ქართული ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ეს არის ერთპარტიული მიტაცებული პარლამენტი. ძალაუფლება არის მიტაცებული, პარლამენტი არის არალეგიტიმური და პარლამენტის ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლიდან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის იქნება ქვეყნისთვის ოპტიმალური, პანდემიისა და ა.შ გათვალისწინებით. ეს უნდა იყოს საუბრის თემა, ისევე როგორც პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთვის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი. მესამე – საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ, „ქართული ოცნება“ ჩვენ გარეშეც ვალდებულია, გააკეთოს და ამიტომ, ამ ვალდებულებას თავის მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, მათ ვესაუბროთ. ექნებათ სურვილი? – ვისაუბრებთ, მათი ქმედებაა დარჩენილი – შეუძლიათ, შეწყვიტონ უფლებამოსილება და უკვე ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, ორი ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და აქეთ ელისაშვილი“, – განაცხადა უგულავამ.