გიგი უგულავა - შემდეგი აქცია თვითგამოცხადებული მეორე ტურების მერე იქნება, უნდა გამოვიდეთ, გავაკეთოთ ჯაჭვი, ჩვენ მოქალაქეებს შევახსენოთ, სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოთ
შემდეგი აქცია იქნება თვითგამოცხადებული მეორე ტურების მერე, უნდა გამოვიდეთ და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი ნიშნად იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევახსენოთ და ვუთხრათ, სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოთ, მეორე ტური არის სიყალბე და ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, ეს აქცია იქნება მთელი მსოფლიოს წინაშე სიგნალი, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სიყალბეს.
„დღეს 14 ნოემბერია, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე დაასამარა სიტყვა – ოცნება, რადგან ერთი წლის წინ გავხდით არნახული „გადაგდების“ მომსწრე, რომელსაც მონა დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ ვითომ ხუნდები აიყარა და გვითხრა, თურმე, პროპორციული და თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა, არაფერს დაგვპირებიან. თურმე, ხალხს მოელანდა გავრილოვი, თურმე, ხალხი ტყუილად გამოვიდა. ასე ურცხვად მოგვატყუეს. არ ვნდებდებით, ვიკრიბებით და ვეუბნებით, ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ. ეს დღე ამის ნათელი მაგალითია.
ხშირად გვსაყვედურობენ, რა არის თქვენი გეგმა? – გეგმა მარტივია, ეს არის გამძლეობა. უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა მაიკ პომპეო და ამ დღეს ქართველი ერი მთელ მსოფლიოს აჩვენებს მდუმარე პროტესტს.
„დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება გაყალბებულია და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე მოფენილი იქნება, ზემოდან დავდგებით და ვიტყვით, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ. ეს დღე იქნება ნათელი მაგალითი. ხშირად ამბობენ, იმასთან არ დავდგები, ამასთან. თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია ორი მეტრი იქნება. შეიძლება გვერდით ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გიყვარს, ან ისეთი პარტია, მაგრამ გამოდით, თუ თვლით, რომ გაყალბებულია და მნიშვნელობა არ აქვს, გვერდით ვინ დგას, რადგან ისიც თვლის, რომ გაყალბებულია და უნდა თავისუფალი არჩევნები და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება არც წინსვლა, არც გამარჯვება, არც კეთილდღეობა და არც მშვიდობა. გვერდით აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს, ეს აქცია იქნება მთელი მსოფლიოს წინაშე სიგნალი, რომ ქართველი ხალხი არ შევეგუებით სიყალბეს და არ დავუჩოქებთ ოლიგარქს. შემდეგი აქცია იქნება თვითგამოცხადებული მეორე ტურების მერე, უნდა გამოვიდეთ და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი ნიშნად იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევახსენოთ და ვუთხრათ, სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოთ, მეორე ტური არის სიყალბე და ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.