გიგი უგულავა - სასამართლოს ჩაკეტვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, ჩვენც ამ შეცდომის მსხვერპლნი ვიყავით თავის დროზე
ივანიშვილმა ერთი რამე უნდა გააცნობიეროს, ქვეყანაში პოლიტიკურად კრიზისი მწიფდება, როდესაც ორთქლს გამოსაშვები აღარ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, სასამართლოს „ჩაკეტვა“ არის ყველაზე დიდი შეცდომა.
„ჩვენ საერთაშორისო კონფერენციაზე ვიმყოფებით, სადაც სასამართლო ამბები ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. სამწუხაროდ ვერც ერთი ხელისუფლება, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, ადეიშვილიც კი ვერ იოცნებებდა იმაზე და არც იკადრებდა იმას, რაც სასამართლოს გაუკეთა ივანიშვილმა. ნათელმირონებს, ბიძაშვილ- მამიდაშვილებს, პირად ადვოკატს, პირად მსახურებს უზენაესის მოსამართლეებად ამწესებენ.
აი ასეთი უზენაესი სასამართლოს ვიღებთ, ეს არის ოლიგარქიის გაფორმება. ივანიშვილმა ერთი რამე უნდა გააცნობიეროს, ქვეყანაში პოლიტიკურად კრიზისი მწიფდება, როდესაც ორთქლს გამოსაშვები აღარ არის. სასამართლოს ჩაკეტვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, მათ შორის, ჩვენც შეცდომის მსხვერპლნი ვიყავით თავის დროზე, ეს შეცდომა წინ დაგვხვდა. უბრალოდ ეს გაცილებით უფრო ცინიკურად ხდება იმიტომ, რომ უზენაეს სასამართლოში ბიძაშვილ-მამიდაშვილობას და ერთ კლანს ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვერ მოიშორებენ. ეს ადამიანები სასამართლოს დატოვებენ ივანიშვილთან ერთად, ისინი არ არიან მოსამართლეები, ესენი არიან ჩვეულებრივი მონები, რომლებიც ასრულებენ დავალებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.