გიგი უგულავა - საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებას ადგილობრივ არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, გასული საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებას მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
უგულავას შეფასებით, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ახლა მსჯელობა არასერიოზულია.
მისივე აზრით, ამ თემით ხელისუფლების წარმომადგენლები სპეკულირებენ.
„გასული საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებას მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ახლა, იანვარში, როდესაც ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან ამ წუთას სხვა პრიორიტეტები დგას პარტიების წინაშე, ისევე როგორც სახელმწიფოს წინაშე.
ამიტომ მგონია, რომ ამ თემაზე სპეკულირება ისევ მოდის ხელისუფლებიდან, რადგან აბსოლუტურად უგუნური და გაუგებარია ის, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მიაბან მომავალ ადგილობრივ არჩევნებს. ეგ დაახლოებით იგივეა, ფეხი რომ მოაბა თავზე, ასეთი ლოგიკის მქონე წინადადებაა. ამიტომ არასერიოზული მგონია ახლა სერიოზული მსჯელობა იმაზე, ადგილობრივ არჩევნებზე ვინ როგორ და რა კონფიგურაციით გავა“, – აღნიშნა უგულავამ.