გიგი უგულავა - თუ გიორგი რურუა ბრალდებულად ვერ გათავისუფლდება, იმედი მაქვს, რომ ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს ქალბატონი სალომე
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება და ბოიკოტი გაგრძელდება, თუკი გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ.
როგორც უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, დღეს რურუას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც არსებობს.
ამასთან, უგულავას განმარტებით, თუ გიორგი რურუა, როგორც ბრალდებული, ვერ გათავისუფლდება, იმედი მაქვს, რომ „ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს სალომე ზურაბიშვილი“.
„ბუნებრივია, არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და „ქართულ ოცნებას“არ ვევაჭრებით. ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებული, განსხვავებით ბატონი ივანიშვილისგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, რომ დღეს მას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ მსჯავრდებული არ არის, ის ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების. თუ მაინც ბრალდებულად ის ვერ გათავისუფლდება, მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს ქალბატონი სალომე“, – განაცხადა უგულავამ.