გიგი უგულავა - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან დროული და საჭირო იყო
ვფიქრობ, ძალიან დროული და საჭირო განცხადება იყო. ენტონი ბლინკენი მკაფიოდ ამბობს, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. როდესაც კრიზისია, კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა რიგგარეშე არჩევნებია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, „დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ მხარეები საკუთარ სურვილებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესებს არ აყენებენ“.
უგულავას თქმით, როდესაც კრიზისია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას და ხელისუფლებას ეკისრება.
„რა თქმა უნდა, ჩვენს პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და მადლობა ღმერთს, ჩვენი პარტნიორების მიმართვაში სწორედ ორივე მხარე ფიგურირებს. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ მეორე მხარე აღარ არსებობდეს. იგივე, ბელორუსში მეორე მხარეს აღარ მიმართა, რადგან აღარ არსებობს. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, მოლაპარაკებას უთუოდ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მიგვაჩნია, სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღო გუშინწინ მოსამართლეს, სიტუაციის დეესკალაცია მოხდებოდა, თუ ნიკა მელია გარეთ იქნებოდა“, – განაცხადა უგულავამ.