გიგი უგულავა - „საარჩევნო კოდექსის“ განხილვაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს
„საარჩევნო კოდექსის“ განხილვაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, წელიწადზე მეტია საარჩევნო კოდექსის საკითხი დამუშავების პროცესშია.
„8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი მხარე ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ მოაწყო. ეს მოხდა მაინც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. მეორე კომპონენტი არის ზუსტად ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“ ვმონაწილეობთ, წელიწადზე მეტია ეს თემა დამუშავების პროცესშია. აქაც რამდენიმე საკითხია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ამ საკითხებს „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს. მაგალითად, ყბადაღებუო თემად იქცა კოორდინატორების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან. პანდემიის პირობებში ეს თემა სხვა დატვირთვას იძენს. ამ კუთხით, ვითხოვთ ცვლილებებს. არის საკითხები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არასწორად აყენებს. მაგალითად, ბლოკში პარტიებს შორის შეთანხმება იზღუდება კანონით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები ვართ ჩართულები, თუ ძალიან გავიდა გვერდზე „ოცნება“ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.