გიგი უგულავა - როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, არჩევნების მეორე ტური ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩაატაროს
როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, არჩევნების მეორე ტური ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩაატაროს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლებას თუ არ სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და სამოქალაქო ომით იმუქრება, ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი დანებდეს.
„ჩვენ ვიხილეთ დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, იქნება სამოქალაქო ომი. ამ სახიფათო და საგანგაშო განცხადებაზე ჩვენ არ გვექნებოდა რეაქცია გედევან ფოფხაძის პერსონიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია. დღეს ჩვენ ვიხილეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში, კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენძელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას მარტიროზ მკოიანს და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნებიდან“ ნაირი ირიციანს, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. ეს ორი განცხადება და შემდეგ უკვე რეაქცია ცხადყოფს რომ ხელისუფლება როგორც ჩანს, აპირებს არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე, ეს სწორედ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ახალქალაქის ინციდენტზე უნდა მოხდეს უსწრაფესი რეაგირება. „სხვა შემთხვევაში ყველანაირ გართულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას”.