გიგი უგულავა - როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახებით და გამოსავალი არ არის, გვერდზე უნდა გაიხედო და თქვა, მოდი, ხალხს ვკითხოთ
როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახებით და გამოსავალი არ არის, გვერდზე უნდა გაიხედო და თქვა, მოდი, ხალხს ვკითხოთ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტების კითხვას პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პლებისციტი ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, თუმცა შესაძლოა, იქამდე მისასვლელი გზა იყოს.
„ჩვენს კოლეგებს დეტალურად გავაცანით ის პაკეტი, რაც ელჩების საშუალებით შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ და წერილობით ველოდებით პასუხს. ბუნებრივია, სხვადასხვა პუნქტთან დაკავშირებით იყო მსჯელობები.
რაც შეეხება პლებისციტს, ვიმეორებ, ვერ ვიტყვი, რა არის მოთხოვნებს შორის. ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ, იმასთან დაკავშირებით, რა არის პლებისციტი. პლებისციტი არის – როდესაც ჩიხია, მოდი ვკითხოთ ხალხს. დედამიწის ზურგზე არ მეგულება პოლიტიკოსი, რომელიც გაბედავს და უარს იტყვის, როდესაც ჩიხია, ვინც არის ძალაუფლების წყარო, ანუ ხალხი, ვკითხოთ მას. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩემს აზრზე. პლებისციტი არ შეიძლება და ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი. პლებისციტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი შუალედური გზა. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ მოდი, აბა ხალხს ვკითხოთ. როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახებით და გამოსავალი არ არის, გვერდზე უნდა გაიხედო და თქვა: მოდი, ხალხმა თქვას კი ან არა“, – განაცხადა უგულავამ.