გიგი უგულავა - როცა 20 ივნისის ტრაგედიის ისრების შებრუნება ხდება ოპოზიციისა და გაბრაზებული მოქალაქეებისკენ, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს
როცა 20 ივნისის ტრაგედიის ისრების შებრუნება ხდება ოპოზიციისა და გაბრაზებული თუნდაც ზღვარგადასული მოქალაქეებისკენ, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლების მხრიდან „კუდიანებზე ნადირობა“, მით უმეტეს, იმ მუხლებით, რითაც ხორციელდება დაჭერები, მაშინ, როდესაც გახარია თანამდებობაზეა და არ არის პასუხისგებაში მიცემული, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავის მომხრეთათვის პოლიციასთან ურთიერთობის უდაბლესი სტანდარტი დააწესა და ეს ჩვენ ვნახეთ, ხოლო ოპონენტებისთვის უმკაცრესი, ესეც თვალების თავიდან დათხრას ნიშნავს. ვიდრე არ ვიცით, ვინ ესროლა მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და სხვებს, მანამდე ყველაფერი ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. ამიტომ, გახარია წადი და ივანიშვილო, ზედ მიყევი“, – განაცხადა უგულავამ.