გიგი უგულავა - გარდამავალი მთავრობით რიგგარეშე პროპორციული არჩევნები რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური
გარდამავალი მთავრობით რიგგარეშე პროპორციული არჩევნები სრულიად რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ საქართველოს პირველ არხს ოპერასთან განუცხადა, საიდანაც მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.
მისივე თქმით, პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას გარდამავალი მთავრობის პირობებში.
„რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა სრულიად რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური.ეს არის აბსოლუტურად კანონიერი, კონსტიტუციური.თუ შევუშვებთ კობახიძეს, ოქრიაშვილს და მსგავს ნაგვებს პარლამენტში, ისინი ხვალ დაგვინიშნავენ უვადო მოსამართლეებად იმ მონსტრებს, რომლის განხილვაც ვიხილეთ.ხელისუფლება რეაგირებს შიშზე. ჩვენ ვნახეთ შეშინებული ივანიშვილი. ჩვენი შეცდომა იყო, რომ მას, როგორც ადამიანს, ვენდეთ და ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ. შეშინებული ვირთხა უნდა გყავდეს მომწყვდეული. სხვა შემთხვევაში ის დაანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.
უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.
აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.