გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებასთან“ ვისაუბრებთ მხოლოდ ხელახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე
გიორგი გახარია შანტაჟითა და მუქარით დიალოგზე ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეების მიერ ცხრა პარტიისთვის მანდატის მინიჭება იყო დავალება, რომ 24 საათი იშრომონ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად“.
უგულავას თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მხოლოდ ხელახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე ისაუბრებს.
„ძალადობით, შანტაჟით და მუქარით დიალოგზე გიორგი გახარია ელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს, მუხლები რომ უკანკალებს მასთან. ჩვენ საუბარი გვექნება მხოლოდ ერთადერთ თემაზე – ეს არის ხელახალი არჩევნები. მეტი სასაუბრო ჩვენ მათთან არ გვაქვს და მეორე – პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. სამი პოლიტპატიმარია და სამივე დაჭერილია არჩევნების გამო. ამიტომ ეს არის ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. გამყალბებლებს, თაღლითებს, შულერებს სხვა რაზე უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა უგულავამ.