გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს
„ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ და ამ ხუთ წელში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, დედამიწის ზურგზე მეტი არავინ, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
საუბარია ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის მხრიდან არავითარი წინადადება არ ყოფილა, წინადადებები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რაღაცებზე უკან დაიხია. ერთ-ერთ ასეთ საკითხად ელისაშვილმა მართლმსაჯულების რეფორმა დაასახელა.
უგულავას თქმით, არ თვლის, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან.
„ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია იყო ნათელი ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ. არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი უფრო მეტიც, ეს არის ხაფანგი. ბატონ ალეკოს რაც შეეხება, მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით. მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ, რამდენად მზად არის, თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის, პროკურორის არჩევის საკითხი – „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს 2/3-ით, ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას მთავარი პროკურორის დანიშვნაში, ხუთი წლის შემდეგ. ხუთი წელი იმიტომ, რომ თურმე ირაკლი შოთაძე არჩეულია და ახლა ხო არ გადავირჩევთ?! „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ ხუთი წლის მერე და ამ ხუთ წელში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.