გიგი უგულავა - პოლიციელების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, უკანონობას ასრულებთ და მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც
თქვენ უკანონობას ასრულებთ და მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, – ასე მიმართა სამართალდამცველებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მთავრობა ვეღარ მუშაობს და ეს ყველამ უნდა დაინახოს.
„პოლიციელების საყურადღებოდ მინდა ვთქვა. თქვენთან ურთიერთობასაც კარგად გამოვიმუშავებთ. უბრალოდ მინდა, წინასწარ გაგაფრთხილოთ – ფარებით, ხელკეტებით შეიარაღებულები რომ მოხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ბავშვებივით მოგექცევით. ვიღაცა თითს დაგანახებთ, როგორც კალაძე და ამას, სამწუხაროდ, დაიმსახურებთ. ვიღაცა „მასკით“ მოგივათ, დაგეჯღანებათ და გაიქცევა. თქვენ მოხვალთ, დაიღლებით ამ უკანონობის შესრულებით. თქვენ მიიღებთ ხალხისგან რისხვას. არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, რადგან სამწუხაროდ, უკანონობას ასრულებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გესმოდეთ, რომ თმენა თქვენი ვალდებულებაა. ჩვენი სამიზნე თქვენ არ ხართ, ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველი აქტი, ყოველი მატყუარა სიმულაცია აქტები, რომ ვითომ მთავრობა მუშაობს, გახდეს შეუძლებელი“, – განაცხადა უგულავამ.