გიგი უგულავა - პარტიული სიების ჩახსნას ხელს მოაწერს ის შვიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც ფორმალურად ითვლება ბარიერგადალახულად
იმ შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ითვლება ბარიერგადალახულად, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 11 დეკემბერს ოპოზიციის მიერ პარტიული სიების ჩახსნის თაობაზე განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატები ინდივიდუალურად მიმართავენ პარლამენტს და უარს იტყვიან დეპუტატის მანდატზე.
„თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, ჩვენ მივალთ და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. ვინც არ უნდა გამოაკლდეს, ბოიკოტი გრძელდება და ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. პირველი – იმ შვიდი პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ითვლება ბარიერგადალახულად, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას; მეორე – ყველა ფორმალურად გასული დეპუტატი დაწერს განცხადებას და ინდივიდუალურად დატოვებს პარლამენტს. პარლამენტი იქნება ერთპარტიული. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყეტილება, როდესაც მივიღეთ სრული გაყალბება და „ქართული ოცნების“ სრული უტიფრობა“, – განაცხადა უგულავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვედრაზე რამ გამოიწვია კამათი, უგულავამ უპასუხა, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილის აზრით, მათ განცხადების დაწერა ცოტა ხნით უნდა გადადონ.
„კამათი არ ყოფილა ასე. მეც ვიკამათე და ჩემი ხმა არ გაგიგიათ? რა თქმა უნდა, არის განსხვავებული აზრი. უმცირესობას მიაჩნია, რომ იქნებ განცხადების დაწერა ცოტა დაყოვნდეს, მაგრამ პრინციპული პოზიციაა. კანონით, ინდივიდუალური განცხადების დაწერა უწევს მას შემდეგ, რაც სიები ჩაიხსნება, ეს მოუწევს დაახლოებით, 17 დეკმბერს. სამწუხაროდ, ერთადერთი ლეგიტიმური გზა დარჩა ბოიკოტი. ამის მიღმა სხვა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.