გიგი უგულავა - პარტიების შეთანხმებაზე, კოალიციაზე გადის ჩვენი მომავალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს, რათა მათი ხმები არ გაიყოს.
პროპორციულ ნაწილზე საუბრისას კი გიგი უგულავა პარტიულ მრავალფეროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს ერთი პარტიის დომინირება.
უგულავას განმარტებით, პარტიების შეთანხმებაზე, კოალიციაზე გადის მომავალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.
„რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, პარტიული მრავალფეროვნება უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც 20 წლის წინანდელი და 10 წლის წინანდელი რეალობისგან განსხვავებით, ხვალინდელი საქართველო – ჩვენ აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ ერას ვიწყებთ.
აქამდე საქართველო იყო ერთი პარტიის დომინაციის დემოკრატია, ანუ დომინირებდა „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ დომინირებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა სხვა სუსტდებოდა, ახლა დომინირებს „ქართული ოცნება“, ყველა სხვა მიჯირყვნილია. ეს უნდა შეიცვალოს, ეს იცვლება მიუხედავად იმისა, რომ 30 მაჟორიტარია.
ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას მაქსიმალურად სჭირდება ფართო არჩევანი, რადგან პარტიებით უნდა გაძლიერდნენ, პარტიების შეთანხმებაზე, პარტიების კოალიციაზე გადის მომავალი ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მომდევნო 10 წელიწადი ვიცხოვრებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს სისტემა უკეთესია. ეს სისტემა გამორიცხავს იმ საშინელებებს, რაც ძალაუფლების უზურპაციას ახლავს თან. ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით სისტემაში, რომელიც აუცილებლად ნებისმიერ ანგელოზსაც კი დემონად გადააქცევდა იმდენ ძალაუფლებას იღებს და ამას დღესაც ვხედავთ, გუშინაც ვხედავდით და გუშინწინაც“, – განაცხადა უგულავამ.
კითხვაზე, ხომ არ იჩაგრებიან პატარა პარტიები, უგულავამ უპასუხა, რომ ყველა პარტია თავისი ფორმის, ზომისა და ამბიციის მიხედვით იპოვის თავის ადგილს ამ საერთო საქმეში, საერთო ამოცანაში.
„ამიტომ, დარწუნებული ვარ, ამ ოთხი თვის მანძილზე მიუხედავად ბევრი გამიწვევისა და მცდელობისა, იქიდან გაქაჩვის, აქედან გამოქაჩვის, ქართულმა ოპოზიციამ ანახა მზაობა და სიმწიფე იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცოვრებისთვის ის არის მზად. მას შეუძლია კრიტიკა, მათ შორის ერთმანეთის, როდესაც ეს აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, მათ შეუძლიათ პრინციპებზე შეთანხმება, რადგან კოალიციური მმართველობა ნიშნავს თანხმობას – ჩხუბს, დავიდარაბას, დისკუსიას, მაგრამ თანხმობას.
ამ ეპოქაში გადავდივართ. აღარ იქნება ეს კოლექტიური მათიკაშვილობანა. აღარ ვამბობ მარტო „ოცნებას“, ეს პრობლემა წინაც იდგა და რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, იმის შემდეგ დგას. ყველა იპოვის თავის თავს, თავისი ზომის, წონის და ამბიციის მიხედვით“, – განაცხადა უგულავამ.