„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი განგრენად იქცა და ისინი მოსაშორებელი არიან.
„ოპოზიციამ რა უნდა ქნას – სახელი დაარქვას ოფიციალური განცხადებით, რომ ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ; ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ბუნებრივია, თავისას იხმაურებენ. შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან. ეს უკვე მათი საქმეა“, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.
უგულავას თქმით, უმჯობესია, ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც ვერ ბედავს, შევიდეს პარლამენტში.
„ჩემი აზრით, ოპოზიციამ, რომელიც პირველი ნოემბრიდანვე იყო იმ აზრზე, რა აზრზეც დღეს ვართ, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ამ წუთას წარმოადგენენ ჩვეულებრივ განგრენას ოპოზიციის სხეულზე, რადგანაც ეს არის უცხო სხეული, ეს არის ჩვეულებრივი შემოჩენილი კობახიძე, მათთან ურთიერთობა უნდა გაირკვეს. გაირკვეს ნიშნავს იმას, რამეს კი არ ვუკრძალავ იაგოს, უბრალოდ, მათთან პოლემიკაში აღარ უნდა შევიდეთ. მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამ წუთას ჩვენ არ ვართ მზად, პოტენციალის თვალსაზრისით კი არა, სტრუქტურულად უნდა დალაგდეს. მაგალითად, ხალხს აინტერესებს, ხვალ რომ არჩევნები იქნება, ისევ დაეჯახება თუ არა მაჟორიტარულ არჩევნებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს. ვნახოთ, რა არის „ქართული ოცნების“ რიტორიკა, ეგენი ახლა ვერ თანხმდებიან, მერე შეთანხმდებიან? ამისთვის აუცილებელია სიცხადე. სიცხადე ნიშნავს, ვთქვათ, ამდენს თუ მიიღებს პარტია, რა დოზით იქნება წარმოდგენილი, როგორ განაწილდება უმრავლესობა და ასე შემდეგ. არის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, აშინებს. ამაზე ზუსტად მაშინ იქნება მსჯელობა, როდესაც ამ განგრენას მოვიშორებთ. განგრენა რას ნიშნავს, იცით? ნიშნავს იმას, თუ ფეხი მუხლამდე გაქვს განგრენიანი, უნდა მოიჭრას, სხვა გზა თუ აღარ გაქვს, რათა დანარჩენი სხეული გადაარჩინო. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენ ვწყვეტთ ამ სუბიექტებზე შესვლა-არშესვლის საკითხს. არ დგას საერთოდ, არავინ არ შევა ამ გაყალბებულ არჩევნებში. ეს ადამიანებიც ხომ ხედავთ, რომ ვერ ბედავენ შესვლას, მაგრამ ჯობია, შევიდნენ, უკეთესი იქნება. რადგან როცა შევლენ, დანარჩენებს მაინც დაანებებენ თავს.
ჩვენ ვხედავთ საზიზღარ ტალახის სროლის ნიაღვარს, ვაშაძეზე რაც მოვისმინე, ამის მერე საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანს ეუბნებიან, შემხვდიო, ადამიანმა უთხრა, არ შეგხვდებიო. ხოდა, თუ არ მხვდები, მაშინ შენ ე.ი. შანტაჟირებული ხარ. რა მორალი აქვს, ვინ არიან საერთოდ, საიდან მოვიდნენ. როგორ შეიძლება. ე.ი. თუ შეგხვდები, კაი კაცი ვიქნები და თუ არ შეგხვდები, ესე იგი მე ვიღაც მაშანტაჟებს? რა მორალია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება და გაძლიერება.
„დაახლოებით ასე იყო, 90-იანი წლების დასაწყისში უნივერსიტეტის ეზოში ატარებდნენ მიტინგს საყოველთაო შერიგების შესახებ, მაშინ ტროლეიბუსები ცუდად მუშაობდა და დააგვიანეს ვიღაცებმა, დააგვიანეს საყოველთაო შერიგებაზე და დაწყევლეს. ანუ ალტერნატივა გაქვს, უნდა შემირიგდე ან უნდა დაგწყევლო. ან ვახო მეგრელიშვილის ჭკუაზე უნდა გავიარო, ან ვიღაც გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებს. ეს არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც კაცურად, არც მორალურად, არაფერში არ წერია, საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი. ეს ხალხი უკვე არის შიგნით. ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოვუწოდებ, ეს არის განგრენა, ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი, სიმულაციურ-პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ ამ სიმულარად. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელშიც 15 პროცენტი მოსახლეობის ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს, იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ.
რაში მანაღვლებს, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რას ვშვრებით? ამ კითხვას ვუსვამ ყველას. ანუ, ვართ თუ არა კოალიციის მონახაზი, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორ წავალთ არჩევნებზე, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება, ერთობას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ფესვები, რომელსაც წყალი უნდა დავასხათ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჭირსაც წაუღია, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის.
ჩვენ აქ საკამათო არაფერი გვაქვს. პოზიცია შევცვალეთ? არა; გაყალბდა არჩევნები? გაყალბდა; უნდა მივიღოთ მონაწილეობა სიყალბეში? არ უნდა მივიღოთ; აბა, რა გინდა, პირველ დღესაც ამას ვიძახდი და ახლაც ამას ვიძახი. გამოვარდნენ ეს სულსწრაფი ადამიანები, დაიწყეს ლანძღვა, გინება, ერთი ამბავი. კი, ბატონო, ავიტანეთ ეს ერთი თვე, მაგრამ ახლა უკვე ნიშნავს, მათი ლაპარაკი ბუნებრივად არის „მონასტერი აირია“. არაფერი არეულა, როგორ აირია. ყველა ერთ აზრზე ვიყავით და სამი კაცი გადავიდა სხვა აზრზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.