გიგი უგულავა - ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია
გიგი უგულავა - ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია

ოპოზიცია როგორი იქნება, ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, უგულავამ ისაუბრა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზეც. მისი შეფასებით, ივანიშვილი მიდის ისე, რომ სინდისის პატიმრებს ტოვებს.

„არასერიოზული და უსინდისო ადამიანის ინტერვიუ მოვისმინეთ. უსინდისოა, როდესაც საუბრობს, რომ დავით ხიდაშელი თურმე ეროვნული გმირია, ეგ „კაგებეშნიკი“. მიდის თუ არ მიდის, იმალება ისე, რომ სინდისის პატიმრებს ტოვებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. ამიტომ ამ ადამიანის რაიმე მორალზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია. ის გულისამრევად იქცევა. წასვლის წინ მაინც მიმხვდარიყო, რომ ეს ადამიანები მისი პირადი პატიმრები არიან, პირადად მან დაიჭირა  და გუშინ ეს აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სამარცხვინო, პატარა ადამიანის ინტერვიუ იყო. იქამდე იქნება სამარცხვინო და პატარა ადამიანი, ვიდრე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არათუ გაათავისუფლებენ, არამედ საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდიან. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი რამდენი წელიც იცხოვრებს, ფეხქვეშ მიწა დაეწვება. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსების დაჭერაზე, შურისძიებაზე, ყოფილი პრეზიდენტის გაძევებაზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, მე ვლაპარაკობ ორ უდანაშაულო ადამიანზე. იმისთვის ეს ნაგვები პარლამენტში დაესვა, ეს ორი ადამიანი დღემდე ციხეშია. ეს კი კაცი სითბოში ზის და მორალს გვიკითხავს“, – განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სურვილია ქვეყანაში ახალი ოპოზიცია არსებობდეს, თუმცა ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა.

„რაც შეეხება ოპოზიციის საკითხს, რვა წელია ხელისუფლებაშია და ცდილობს ოპოზიციის გაქრობას, მაგრამ ოპოზიციის საერთო ჯამი იზრდება არჩევნებიდან არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, მისი სურვილები, რომ შეიქმნას რაღაც ახალი ოპოზიცია, არის მისი სურვილი. როგორც წესი, ასეთი სურვილი ებადებათ ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელებს და ასეთია ივანიშვილი. მან, თალაკვაძემ და შლეგმა ღლაპმა კობახიძემ ვერ გაიგეს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ირჩევს ხალხი, სხვადასხვა პროპორციით. ოპოზიცია როგორი იქნება, ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. როგორც კი ხელისუფლება იწყებს საუბარს ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე, იმ ხელისუფლებას პირდაპირ პანჩური უნდა ამოარტყა, რადგან ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც ადამიანი იწყებს ლაპარაკს, რომ ხელისუფლებაც მე უნდა ვაკონტროლო და ოპოზიციაც, ეს უკვე დიქტატურის გაფორმება იქნება. უბრალოდ ეს არის მისი სურვილები, რომელიც საქართველოში არასდროს ახდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მაშინ წავა პოლიტიკიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში.

„ეს მოხდება ძალიან მალე, მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელსაც კიდევ უფრო დავუახლოვდით მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ეს მანევრი ჩაატარა. თუ აქამდე ვამბობდით, რომ გაყალბებულია არჩევნები და ლეგიტიმაცია არ აქვს, ახლა იმაზეც ვთანხმდებით, რომ ის ხალხი, ვინც იქ დასვა, არ აურჩევიათ. ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი და თუ ის მართლა წავიდა, არაფერი ესაქმება ამ პარლამენტს. ეს საქართველოს პარლამენტი არ არის, ეს არის მარსის და მთვარის პარლამენტი“, – განაცხადა უგულავამ.