გიგი უგულავა - ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს განიხილავს
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ თუ ასეთ ვითარებაში მივედით, თუ პოლიტპატიმრები იქნებიან და არაფერი არ იქნება შეცვლილი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიცია განიხილავს მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს ხელისუფლებაზე ზეწოლის, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ კითხვას, რომლის მიხედვითაც შეიძლება თუ არა ოპოზიციამ ერთგვარ პლებისციტად გამოიყენოს რიგგარეშე არჩევნების შედეგები.
საუბარია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც შემდეგნაირად არის ფორმულირებული, პოტენციური რიგგარეშე არჩევნები/თვითმმართველობის არჩევნები – თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, თუ პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში და ხდება ის რაც ხდება, ასეთ ვითარებაში ფარსი იქნება მონაწილეობა.
„დამატებით, თვითმმართველობის მუხლი შესულია, რადგან ეს „ქართული ოცნების“ წინადადებაა და არანაირად არავისი სხვისი, რომ პლებისციტად გამოყენებულ იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც არ ვთანხმდებით, რადგან პლებისციტი ნიშნავს, ვკითხოთ ხალხს. თუ არჩევნები, არც ხარჯი არის არც არაფერი, ბარემ მაშინ ვკითხოთ – რატომ ვიგონებთ რაღაც ხელოვნურ მექანიზმებს, რომელშიც აირდაირევი და რომელიც მრავალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. პლებისციტი ძალიან მარტივია – გინდა თუ არა, რიგგარეშე პროპორციული არჩევნები – კი, ან არა. დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნური. პლებისციტი რომ არ გაყალბდეს, ისევე როგორც არ უნდა გაყალბდეს რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის აუცილებელია ცესკო-ს რეფორმა, მათ შორის პირველი 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ანუ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასეთ ვითარებაში შეიქმნება წინაპირობა, რომ ნდობა იარსებებს ცესკო-ს მიმართ. სხვა ვითარებაში, ბუნებრივია, ამ შემადგენლობის მიმართ, ნულოვანია ნდობა, გინდა რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, გინდა პლებისციტი და გინდა მთვარეზე გაფრენის ორგანიზება, მის მიმართ ნდობა მაინც არ იქნება“, – განაცხადა უგულავამ.