გიგი უგულავა - ოკუპაცია არის დიდი ტკივილი და ამასთანავე დიდი ცოდვა
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ გიგი უგულავამ პარლამენტარებთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდზე 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
გიგი უგულავამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადა, რომ ოკუპაცია დიდი ტკივილი და ამავე დროს, დიდი ცოდვაა.
„ოკუპაცია არის დიდი ტკივილი და ამასთანავე, არის დიდი ცოდვაც. ეს უნდა გვესმოდეს ერსა და ბერს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქარველოში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა აფუძნებდეს მთავარ ფუნდამენტს – საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დემოკრატიას, საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, რვა წელია, სრულიად უსაგნო დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი.
ამასთან, როგორც უგულავა აღნიშნავს, საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ღალატს ნიშნავს.
„უკანასკნელი რვა წელია, აბსოლუტურად ყალბი, სრულიად უსაგნო დისკუსიაა გამართული იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის, არის სრული აბსურდი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი პოზიცია, პირდაპირ ვთქვათ, ღალატია.
გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს მართავს ადამიანი, რომელიც არის მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსი“, – განაცხადა უგულავამ.
უგულავა აღნიშნავს, რომ საზოგადოებას აგვისტოს ომის გმირები უნდა ახსოვდეს.
„მიუხედავად იმისა, როგორია ხელისუფლება, ჩვენ, საზოგადოებას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ის გმირები, ვინც სისხლი გაიღო საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ვერ შევდგებით საზოგადოებად, თუ მათი ხსოვნა არ იქნება ისეთი, როგორც მათი საქმეები მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ. მათ ოჯახებს სჭირდება დახმარება, მათ შვილებს სჭირდება რჩენა, მათ დაკარგეს ახალგაზრდა მამები და ამიტომ საქართველომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთის მხრივ, რომ ავიცილოთ თავიდან რუსეთის აგრესია, ფიზიკური აგრესია და ამავე დროს, მტკიცედ ვიყოთ ჩვენს არჩევანში. ვინაიდან საქართველოს უსაფრთხოება დაკავშირებულია ნატოსთან. საქართველო უნდა გახდეს ისეთი მდიდარი, როგორიც არის ევროპა და ისეთი უსაფრთხო, როგორიც არის ნატო. ასე შევძლებთ ჩვენ აგრესორის შეკავებას”, – აღნიშნა უგულავამ.