გიგი უგულავა - ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო
ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საარჩევნო ფრონტზე გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და წაართმევენ თუ არა მას ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც მელიას ან გვარამიას, ან ორივეს ერთად მისცემს ხმას, წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი, გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, 2012 წლიდან, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, პარტიის მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო ხუთი წელი თავმჯდომარე იყო, თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული თავმჯდომარე. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის წარმატებულმა კანდიდატებმა, ძირითადმა უმრავლესობამ, სამი-ოთხმა, ვინც წარმატებული იყო, პარტია დატოვა. ეს არის პრობლემა. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევა სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ ორი კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მე საერთოდ არ მიხარია. ისევ ვიმეორებ, მე მაქვს განცდა, რომ, საბოლოო ჯამში, თუ მდინარეში არ დაიხრჩო ან ერთი, ან მეორე პარტია, როდესაც ზღვაში შეერთდება – და ეს ზღვა აუცილებლად იქნება დიდი და აღელვებული – ყველა ერთად აღმოვჩნდებით, მაგრამ ამ ზღვამდე უნდა მივიდეს ყველა, უნდა მივიდეს თავის ამომრჩეველთან, თავის გუნდთან ერთად და არ უნდა ჩაიძიროს. მე ვთვლი, რომ პრობლემა ექნებათ მათ უფრო მეტად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რეგენერირების უნარი, „ნაციონალურ მოძრაობას“, საბოლოო ჯამში, აქვს ის პლუსი, რომ ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ მათი ხმა იკარგება და მათ არ უნდათ, რომ მათი ხმა ასე ირიბად ჩაიჯიბოს „ქართულმა ოცნებამ“, მისცემენ ხმას დიდ პარტიებს, ასე ხდება ხოლმე ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.