გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების კონტექსტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიმართ პრეტენზიების მიუხედავად, უერთდება დოკუმენტს, რადგან ეს არის ქართული საზოგადოების განაცხადი რეფერენდუმთან დაკავშირებით
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას, დადებითად აფასებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიაა, ეს არის ქართული საზოგადოების საჯარო განაცხადი რეფერენდუმთან დაკავშირებით.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს კონტექსტი და მნიშვნელობა მომენტის. ჩვენი პარტნიორები „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოები არიან და განსაკუთრებით ეს უკმაყოფილება დაგროვდა სამი მოვლენის შემდეგ: 1. ეს არის 5 ივლისი, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი პირდაპირ მოხალისედ და წამხალისებლად არის ცნობილი. 2. შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ გასვლა როგორც სიგნალი და უარის თქმა იმ აუცილებელ რეფორმებზე, რაც ქართულ საზოგადოებას და ჩვენს დემოკრატიას სჭირდება და 3. ბელარუსის დიქტატორულ რეჟიმთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. ეს სამი რამ საკმარისი სიგნალია, რომ ჩვენ უკვე მკაფიოდ წარმოვიდგინოთ ის პრობლემები, რაც „ქართულ ოცნებას“ მოაქვს. ეს არ იყო ვალზე გადაწყვეტილება, ეს იყო გეოპოლიტიკური არჩევანი და უნდა გვესმოდეს, სადაც იკეტება ევროპის კარები, იქ იღება რუსეთის კარები. ზუსტად, ასე მოიქცა ივანიშვილის მიერ დასმული სათამაშო პრემიერი, როდესაც უარი უთხრა ჩვენს პარტნიორებს, უარი თქვა სასამართლო, საარჩევნო და თვითმმართველობის რეფორმაზე. ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა, ჩემი აზრით, ნიკა მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შეერთებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ მართალია, მის მიმართ პრეტენზიები არის ძალიან ბევრი, მაგრამ შეერთებოდა ამ დოკუმენტს, რადგან ეს დოკუმენტი არის ქართული საზოგადოების საჯარო განაცხადი რეფერენდუმთან დაკავშირებით. რეფერენდუმის საკითხი კი ასე ჟღერს, ან ვირჩევთ ქრისტიანულ, დასავლურ ცივილიზაციას, ან ვირჩევთ რუსეთის სიბნელეს. ეს, როგორც არასდროს მკაფიოდ გაფორმდა გუშინდელი დღის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების ზურგს უკან გარიგება, რასაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი გვთავაზობენ, არ შედგება და ქართული საზოგადოება მას უარს ეტყვის რეფერენდუმზე,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
ჟურნალისტებთან კომენტარში გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებით, ნიკა მელიას გამარჯვების შანსები გაიზარდა.
„თბილისის მომავალი მერი გახდება ნიკა მელია და ამ გადაწყვეტილებით ეს კიდევ უფრო გამყარდება და მეტიც, პირველ ტურში პირველ ადგილზე გავა ნიკა მელია. რაც შეეხება კალაძეს და გახარიას ილფის და პეტროვის „ლეიტენანტ შმიდტის შვილები“ თუ გახსოვთ, ძაან ამათ ჰგვანან. გახარია მაგ სისტემის ნაწილი იყო, ზუსტად, ისტორიული პარალელი რომ ვიხმაროთ სტალინთან შედარებით ხრუშოვის ეპოქას ეძახდნენ სოციალიზმს უფრო ადამიანური სახით, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა, კომუნიზმის დიქტატორულ არსს. ჩემთვის ეს ორი ადამიანია მედლის ორი მხარეა. მიუხედავად ამისა, მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ზეწოლას და სამსახურებიდან გამოყრას მისი თანამშრომლების და ასევე, მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, შემოხაზონ ნებისმიერი „ქართული ოცნების“ გარდა და ჩვენ მოვიგებთ ამ რეფერენდუმს. შემდეგ კი, „ქოცურ“ ვერსიაში გახარია დარჩება ეს უკვე მათი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი არის, რომ არც გახარია და მით უმეტეს არც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დასატოვებელი არ არის. მათ ჰქონდათ 10-წლიანი ვადა და ეს ვადა გაუვიდათ, მათ შემოქმედების შედეგებს აგერ ვიმკით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.