გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, რასაც კატეგორიულად ვემიჯნებით
გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, რასაც კატეგორიულად ვემიჯნებით

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით, განსხვავება ბევრია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას უპასუხა.

ვანო მერაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ სურს „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდეს.

„ვანო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის აზრს. გუშინდელმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა, ძალით იქნა გაყვანილი და ის, რაც ჩვენ ვიცოდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

რაც შეეხება პარტიებს, ჩვენ გავიყავით არა პირადი დაპირისპირების ან ემოციის გამო, რადგან ფუნდამენტურ საკითხებში არის ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს უკვე კარგად ჩანს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარეალიზებადია და პოპულისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით.

„ევროპული საქართველო“ არ არის პოპულისტური პარტია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც რეალისტურად გასაკეთებელია,  რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და სამუშაო ადგილები შეიქმნას. განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველა პარტიასთან საერთო ამოცანა გვაქვს ის, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყოს.

კითხვაზე, როგორ უყურებს პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები საერთო მიზნის მისაღწევად კვლავ გაერთიანდნენ.