გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ემოციური თანხვედრა არის, რადგან ერთი ორგანიზმი ვიყავით
გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ემოციური თანხვედრა არის, რადგან ერთი ორგანიზმი ვიყავით

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჩვენ შორის ემოციური თანხვედრა არის, რადგან ჩვენ ერთი ორგანიზმი ვიყავით, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ელექტორატში არის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც გაყოფის პროცესს დღემდე ტკივილით იხსენებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს გაყოფა აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იყო, რადგან სხვაგვარად თანაარსებობა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“უფრო მარჯვნივ გადაიხარა, „ევროპული საქართველო“ კი ლიბერალური დემოკრატიის მედროშედ, ბურჯად დარჩა“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გავიდეს სხვა ამომრჩეველზე. 

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ტურში „ევროპული საქართველოს“ მიზანია, მეორე ტურში მათი კანდიდატი გავიდეს, მაგრამ მეორე ტურში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო მიზანი „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხებაა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა შეთანხმდეს თუ არა ამაზე ელექტორატი, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ელექტორატი მაშინ თანხმდება, როცა ამის მომენტს გრძნობს, ამის მომენტი კი მეორე ტურია.

„ვინც მეორე ტურში იქნება, იმის გარშემო გაერთიანება ბუნებრივად მოხდება. პოლიტიკოსები გვერდზეც რომ გავიწიოთ და ლაპარაკი ამრეზით დავიწყოთ, არ გვინდა, არ გვინდაო, ამას მოსახლეობა გვაიძულებს“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ცა და დედამიწის მსგავსი განსხვავებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე ტურში ისეთი ემოციური ველი შეიქმნება, რომ მათი ელექტორატი მეორე ტურში გასული კანდიდატის გარშემო გაერთიანდება.