გიგი უგულავა - მთავარი, რაც მიხარია, სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა ცხრა თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას
სტრასბურგის სასამართლოში „ქოცებს“ მოვუგე კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით: დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე; დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე; დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება)
მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე&კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები. მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა – რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით „ოცნება“ ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები. სამინისტროს ცნობით, „მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ“.