გიგი უგულავა - მოთხოვნები უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები, ცესკო-ს რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, სამივე არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება
გიგი უგულავა - მოთხოვნები უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები, ცესკო-ს რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, სამივე არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება

რაუნდი იქნება თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ელჩებთან შეხვედრა იქნება ხვალ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი სხვადასხვა საკითხზე და საბოლოო შეჯერებულ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.

„ჩვენი წინადადებები შედგება რამდენიმე ბლოკისგან. ის, რაც საზოგადოებამ იცის, იმის დეტალიზაციაა. ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი – რიგგარეშე არჩევნები, ამ რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზები. ხაზს ვუსვამ, რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციის საერთო, მთავარ მოთხოვნად რჩება. მეორე, ეს არის სრული რეფორმა ცესკო-ს და საარჩევნო ადმინისტრაციის, მესამე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის სამი ძირითადი თემა, რომლითაც გამოგლეჯვა ვერ მოხდება. ვერ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, თუ ცესკო არ შეიცვლება და რეფორმა არ მოხდება. მარტო ცესკო-ს რეფორმა რომ მოხდეს და არჩევნები არ იყოს, ეს ვერ იქნება, რადგან საზოგადოება ელოდება გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ამიტომ, ცალკე აღებული ეს ვერ იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები ვერ გახდება სავაჭრო საგანი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, მათ შორის მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, სახე შეინარჩუნოს. „ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებებიდან არაფერს წყვეტს, რადგან მათ ნათქვამს უბრალოდ დიდი ფასი არ აქვს. ისინი ვითარების მიხედვით მოქმედებენ და სიტუაცია მათთვის აბსოლუტურად არასახარბიელოა. ჩვენ შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც ჰქვია პოლიტიკური დეგრადაცია და თუ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება სრული პოლიტიკური დეგრადაცია“, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავამ პლებისციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა.

„რაც შეეხება პლებისციტს, ჩემი აზრით, პლებიცისტი ვერ და არ იქნება რიგგარეშე არჩევნების შემცვლელი. ჩვენი მოთხოვნა რჩება რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასველილი გზა. ოპოზიცია ამაში თანხმდება“,- განაცხადა უგულავამ.