გიგი უგულავა - მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, რკინის ჯებირები არ გეყოფათ
„ევროპული საქართველოს“ წევრის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგი უგულავას განცხადებით, პროცესები გეგმის მიხედვით მიდის.
უგულავას თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მისი გეგმის ნაწილი იყო.
„ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, ყველაფერი მიდის ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს „ქართული ოცნება“, როგორც იმსახურებს ივანიშვილი, რომელმაც გუშინ გვამცნო, რომ არავითარ აჯანყებას და არავითარი ხუნდების აყრას, ხუნდაძისას არ ჰქონია ადგილი. არავითარ დაჩი ბერაიას არ აუმაღლებია ხმა და არავითარი შიპლაშვილის ამბოხი ეს არ არის. ეს იყო ივანიშვილის პირადი მზაკვრობა. ახლა, თათარასავით ავლებს ამ მართლა, ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში თავის მინისტრებს. გამოდიან და ერთი და იგივე სისულელეს იძახიან. მაგალითად, აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის მიგვიციაო, გინების და ფურთხის ღირსია ასეთი მინისტრი, რადგან ყველას გვახსოვს დაპირებაც და ყველას გვახსოვს, როგორ ტრაბახობდა „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი, რომ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილი დაგვესიზმრა ალბათ, რომ ამაყობდა გაერო-ს ტრიბუნიდან?! თუ როგორია დაპირება, რას ჰქვია დაპირება არ მიუცია, სხვანაირად როგორ ხდება დაპირება. ამ ადამიანის სიტყვას ფასი აღარ აქვს“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საზოგადოებას მმართველი გუნდისგან განსხვავებით, გამოსავალს სთავაზობს.
„ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ გამოსავალს, განსხვავებით ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, რომლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან სამარცხვინოდ, მისტერ პიტკონივით მიძვრებოდა თურმე ოხანაშვილი, უნახავთ. სამარცხვინოა, რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს, მათ შორის პოლიციამ, აი, ასე შემოღობილი რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონშიც წამოიღებენ ამ ჯებირებს, იმის იქითაც, რავიცი, ჩავალთ ყველა ქალაქში და კი ბატონო, იარონ. ეს პროტესტი არ დამთავრდება. ეს ხომ თავისუფალი ჟანრია, პლენარული სხდომა ჩაინიშნება, მოვალთ, განსაკუთრებით მოვემზადებით. ამას წინასწარ ვეუბნებით და არ ვმალავთ, ტყუილად დაძვრებიან ეს სუს-ის მანქანები ოფისებთან, რაღაც „ჟუჩოკებით“ წვალობენ და ერთ ამბავში არიან. არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით – მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.